save 0
cart 0

Yukio Mishima – იუკიო მიშიმა

3 years ago

მეორე ავტორი, რომელიც იაპონიაში გვამოგზაურებს, გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული  იაპონელი მწერალი, პოეტი და დრამატურგი – იუკიო მიშიმა. ნამდვილი სახელია – კიმიტაკე ჰირაოკა.

მიშიმამ მხოლოდ 45 წელი იცოცხლა, თუმცა ამ პერიოდში მოასწრო არაერთი რომანისა და პიესის დაწერა, რომელთა უმრავლესობაც მის სიცოცხლეშივე იყო ეკრანიზებული. მის შემოქმედებას ფონად გასდევს იაპონური კულტურისა და ისტორიის სიყვარული.

 

მიშიმა ლიტერატურულ ასპარეზზე 1949 წელს 24 წლის ასაკში, ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანით – „ნიღბის აღსარება“, გამოჩნდა და სახელიც მაშინვე გაითქვა. წიგნი მეტად მგრძნობიარე ბიჭის ისტორიას გვიამბოს, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს გარეთ სხვა ბიჭებთან თამაშის ნაცვლად, სნეული ბებიის მოვლაში ატარებს…

 

მკითხველი თვალს ადევნებს ბიჭის გონების განვითარებას. მისთვის რეალობასა და წარმოსახვას შორის ზღვარი ფაქტობრივად წაშლილია. წარმოსახვა კი ნელ-ნელა უფრო ძლიერდება და რეალობას ჩრდილავს.

მიშიმას სიცოცხლის დასასრულის „მინიშნებები“ თითქოს ყველგან იყო მიმობნეული. ჯერ კიდევ ზემოთქმულ – „ნიღბის აღსარებაში“ გამოიკვეთა  მთავარი ელემენტები. მწერლის არსება  შესამჩნევად მოეცვა სეპუკუს (ჰარაკირის) იდეას: მან მოკლე მოთხრობა დაწერა, სახელწოდებით პატრიოტიზმი, რომლის ეკრანიზაციაშიც თავადვე მიიღო მონაწილეობა, სადაც სეპუკუ დეტალურად გაითამაშა. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც მიშიმას უკანასკნელი აქტი პოლიტიკური პროტესტიც იყო,

 

თუმცა, ამავდროულად, ეს ის მომენტი აღმოჩნდა, როცა სიკვდილი ხელოვნებად იქცა. სიკვდილი ყოველთვის მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და სისუსტე გახლდათ. მისი ფსევდონიმი მიშიმაც „სიკვდილით შეპყრობილ ეშმაკს“ ნიშნავს.

 

1970 წლის 25 ნოემბრის დილას (გარდაცვალების დღეს) მიშიმამ ბარათი დატოვა რომელშიც ეწერა: „ადამიანის ცხოვრება განსაზღვრულია, მაგრამ მე მარადიულ ცხოვრებას ვინატრებდი…“ სწორედ ეს უკანასკნელი სურვილი, ავტორმა თავისი შემოქმედებით აისრულა და წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ლიტერატურაში. 

 

_______________________________________________________________________________________________________________

 

ავტორი: ნანა სარიშვილი

 

იაპონელი ავტორების წიგნები შეგიძლია მთელი მარტის თვის განმავლობაში შეიძინოთ 20% – იაანი ფასდაკლებით bookshop.ge – ზე.

 

იხილეთ შესაბამისი კატეგორიის ლინკი: https://bit.ly/301YPWo